Mariam Kajaia
5 ძირითადი გაყიდვების სტრატეგია პანდემიის პერიოდში
პანდემიამ ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, მაგრამ გარდა ამისა მან მთელს მსოფლიოში ბიზნესებსა და მათ განვითარებაზე საკმაოდ ნეგატიური გავლენა იქონია. ცხადია ეს ყველასთვის დიდი დაბრკოლება აღმოჩნდა, მაგრამ დამეთანხმებით გამოსავლის პოვნა ყოველთვის შესაძლებელია. პანდემია არ ნიშნავს, რომ კომპანიები მომენტალურად სტაგნაციის ფაზაში უნდა გადავიდნენ და შეეგუონ იმ გარემოებას, რომელიც კოვიდ 19-მა შექმნა. პირიქით მათ უნდა მოახდინონ შექმნილ ვითარებასთან ადაპტაცია, გააგრძელონ მოღვაწეობა მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტით და ფორსმაჟორულ სიტუაციაშიც მოახერხონ გაყიდვების დინამიკის ზრდა.

სათქმელად მარტივია, აღსასრულებლად კი-რთული. დამეთანხმებით, საკმაოდ კომპლექსურია მცირე დროში მოახერხო სრულიად შეცვალო შენი ბიზნეს შეხედულებები და მოერგო გაუთვალისწინებელ გარემოებას.
სწორედ ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ 5 გზას, თუ როგორ გაიმარტივოთ ეს პროცესი და შეძლოთ თქვენი ბიზნესისთვის ყველაზე რთული პერიოდის შედარებით მარტივად გადალახვა.
1. მომხმარებელი - ეს ის სუბიექტია, რომელიც გაყიდვების ციკლში ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს და სწორედ მასზეა დამოკიდებული თქვენი ბიზნესის წარმატების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პერიოდში მომხმარებელთა ბაზა იგივეა, ცვლილება მაინც ბევრია. პირველ რიგში უნდა გაიაზროთ, რომ მომხმარებელს, ანალოგიურად თქვენი ბიზნესისა, ბევრ გამოწვევასთან გამკლავება უწევს. ისინი ახალი რეალობის წინაშე დგებიან. შესაბამისად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თქვენი მოვალეობაა მაქსიმალურად ღრმად ჩაწვდეთ მათ ემოციებსა და საჭიროებებს. აქამდე თუ მომხმარებლისადმი თანაგრძნობა მნიშვნელოვანი იყო, ახლა ეს მთავარია თქვენი ბიზნესის გადარჩენისთვის.
ხომ გაგიგიათ, ხარისხი რაოდენობაზე მნიშვნელოვანიაო?!
ამ კრიტიკულ მომენტში კი მომხმარებელთან მიმართებაში, სწორედ ამ სტრატეგიით უნდა იმოქმედოთ. დაივიწყეთ ლიდების დიდი მოცულობა და მეტი ყურადღება პერსონალიზაციას დაუთმეთ. გააკეთეთ გაყიდვების გუნდის სრული მობილიზება, რათა მომხმარებელთან კომუნიკაცია ეფექტურად წარიმართოს და თქვენმა პოტენციურმა კლიენტებმა ინდივიდუალურად მიიღონ ყველა საჭირო ინფორმაცია.
გასაკვირი არაა, რომ როდესაც პანდემიის პერიოდში მომხმარებელთან ასეთ მყარ კონტაქტს დაამყარებთ, კლიენტებს სასიამოვნოდ გაოცებულებს დატოვებთ. ეს კი დაგეხმარებათ პოტენციური კლიენტები თქვენს მომხმარებლებად დააკონვერტიროთ და გაზარდოთ გაყიდვები.
2. მზრუნველობა - თქვენი ბიზნესისთვის გაყიდვები ყველაზე პრიორიტეტულია, მაგრამ ამ პერიოდში თქვენი მომხმარებლისა და გუნდის წევრების გვერდში დგომა მაინც მასზე მაღლა დგას. სწორედ თქვენი მათდამი დამოკიდებულება განსაზღვრავს ბიზნესის წარმატებას გრძელვადიან პერიოდში.
ასე რომ დაეხმარეთ თქვენს პოტენციურ მომხმარებლებს, იმ შემთხვევაშიც როცა ეს თქვენს ბიზნესს რაიმე სახის აქტივს არ მოუტანს. სამაგიეროდ, ეს ნაბიჯი დაგეხმარებათ მომავალში მომხმარებელთან მყარი და ნდობით აღჭურვილი ურთიერთობა ჩამოაყალიბოთ.
გარდა მომხმარებლისა, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ თქვენი გუნდის წევრები რომ არა თქვენი კომპანია არ იქნებოდა ის რაც არის. ასე რომ, მათი მხარში დგომა და დახმარება ამ რთულ პერიოდში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
შესაბამისად, აქამდე თუ გაყიდვები საბოლოო სამიზნე წერტილი იყო, მოგიწევთ ცოტა ხანი დაივიწყოთ; და განახორციელოთ ისეთი ქმედებები, რომელმაც შესაძლოა დღეს არაფერი მოუტანოს თქვენს ბიზნესს, მაგრამ მომავალში აუცილებლად გამოიღებს შედეგს.

3. მისიისა და ხედვის განსაზღვრა- სანამ რაიმე ქმედებას განახორციელებთ, კარგად უნდა განსაზღვროთ თქვენი ბიზნესის მიზანი. დღეს მიღებულ გადაწყვეტილებებს ძალიან დიდი გავლენა აქვს ბიზნესის მომავალზე, ამიტომ იგი არ უნდა იყოს შემთხვევით და გაუაზრებლად მიღებული.
პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვანია თქვენს თავს კიდევ ერთხელ დაუსვათ კითხვა, თუ რატომ არსებობს თქვენი ბიზნესი? რა არის თქვენი ღირებულება, მისია და ხედვა. მხოლოდ ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ გადადით მოქმედებაზე და დაიწყეთ იმაზე ფიქრი, როგორ გაყიდოთ პროდუქტი თუ სერვისი.
4. კონტექსტი - პანდემიის პერიოდში თქვენი ბიზნესის გადასარჩენად აუცილებლად უნდა ეცადოთ ბიზნეს მოდელი არსებულ მდგომარეობას მოარგოთ. და შექმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც ამ პერიოდში თქვენი მომხმარებლისთვის ყველაზე ღირებული იქნება.
ამისთვის კი დასვით კითხვები:
რა არის ახლა თქვენი მოხმარებლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და როგორ შეიძლება ამაში თქვენი თანამონაწილეობა?
როგორ შეიძლება მოახდინოთ ახლანდელი პროდუქტის ადაპტაცია ისე, რომ მომხმარებელს ამ პერიოდში მეტი ღირებულება შეუქმნათ?
რომელი სექტორები მუშაობს ახლა ყველაზე კარგად? და როგორ შეიძლება თქვენი პროდუქტი დაეხმაროს მათ?
შეგიძლიათ ისეთი პროდუქტი ან სერვისი დაიმატოთ, რომელიც ბიზნეს შესაძლებლობებს პანდემიის პერიოდში გააფართოვებს?
ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ, უფრო გაგიმარტივდებათ თქვენი ბიზნესის ოპერირების სწორი კონტექსტი იპოვოთ და შექმნათ დამატებითი ღირებულება თქვენი მომხმარებლისთვის.
5. კრეატივი - პანდემიასთან გამკლავება დიდი გამოწვევაა, მაგრამ ამავდროულად შანსია, რომ თქვენი გაყიდვების სტრატეგია უფრო კრეატიული გახადოთ. თუ აქამდე ენერგიას და რესურსს ზოგავდით, რადგან საჭიროებას ვერ ხედავდით, ახლა სწორედ იმის დროა, რომ თქვენი რესურსი ბოლომდე გამოიყენოთ და იყოთ ისეთი კრეატიულები, რომ მომხმარებელს თქვენს პროდუქტსა თუ სერვისზე უარი ვერ ათქმევინოთ.
ამიტომ, კარგად გადახედეთ თქვენს მარკეტინგისა და გაყიდვების სტრატეგიას და დაფიქრდით რისი შეცვლა შეგიძლიათ უკეთესობისკენ. რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ რთული პროცესია, მაგრამ იმ მომენტში, როცა უკეთესობისკენ დაიწყებთ შეცვლას, თქვენს ბიზნესზე ეს საგრძნობლად დადებითად იმოქმედებს და პანდემიის პერიოდშიც კი მზარდ დინამიკას მოგიტანთ.
არ შეეგუოთ პანდემიისგან გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისს. არ დანებდეთ და გააგრძელეთ მაღლა სვლა. შეიქმენით პოზიტიური განწყობა და შეხედეთ ამ სიტუაციას როგორც გამოწვევას, რომელსაც აუცილებლად გაუმკლავდებით.