- gsharashenidze
HR მოვა

HR (ადამიანური რესურსები) დეპარტამენტი შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე ამოუხსნელი და გაუგებარი სტრუქტურული ერთეული იყოს თანამშრომლისათვის ორგანიზაციაში. ყველამ იცის, რომ ის მნიშვნელოვანია, მაგრამ ძალიან ცოტამ იცის თუ რატომ. აღნიშნულ ბლოგში მიმოვიხილავ იმას, თუ როგორი წარმოდგენა არის საზოგადოებაში HR-ზე, მის განვითარებასა და როლზე ორგანიზაციაში. შევეხები იმ ძირითად საკითხებს, რასაც აკეთებს ან უნდა აკეთებდეს HR დეპარტამენტი. მომავალ ბლოგებში კი ვეცდები დეტალურად მიმოვიხილო HR მიმართულებები და მათი მნიშვნელობა კომპანიაში.
ბევრისთვის HR დეპარტამენტი “სადამსჯელო რაზმია“, რომელიც ორგანიზაციის შინაგანაწესის დარღვევაზე მყისიერად რეაგირებს. საკმარისია სამსახურში დილით მისვლა 3 წუთით დაგაგვიანდეს და საყვედურის ან ფინანსური ჯარიმის ბრძანება/ფორმა სამუშაო ოთახში შესვლისას მაგიდაზე დაგხვდება ან შრომითი ხელშეკრულების პირობების უხეშად დარღვევის შემთხვევაში, გათავისუფლების ბრძანების მომზადებასაც არ დაჭირდება დიდი დრო. ეს რეპუტაცია HR-ებს მემკვიდრეობითაც გვერგო. წარსულში, კადრების დეპარტამენტში „დაბარება“ დადებით მოლოდინებს არ უჩენდა თანამშრომელს. სამსახურიდან გათავისუფლება, დისციპლინური სანქცია და ა.შ. - ამ ყველაფრის თანამშრომლისთვის გაცნობის „ბედნიერება“ "კადრების" დეპარტამენტს ჰქონდა, ხოლო დაწინაურების ან დამსახურებული პრემიის შესახებ ინფორმაციას თანამშრომელი დირექტორისგან იღებდა. ბევრისთვის HR დეპარტამენტი არის სტრუქტურული ერთეული, სადაც მხოლოდ „ქაღალდომანიაა“ და მათთვის ბიუროკრატიასთან ასოცირდება - შრომითი ხელშეკრულებები, თანამშრომლების აღრიცხვის ფორმები, შვებულებები, მივლინებები - ეს ყველაფერი ხომ HR-ს უნდა „შეუვსო“ რომ „ტვინი არ წაგიღოს“. ზოგიერთისთვის კი წელიწადში ერთხელ (ძირითადად საახალწლოდ) ჩატარებულ კორპორატიულ საღამოსთან და ამ ღონისძიებაზე გამოვლენილ ნომინაციებთან ასოცირდება...
დროთა განმავლობაში „კადრები“ HR-მა ჩაანაცვლა. ერთხელ და სამუდამოდ დაგვჭირდა, რომ ნელ-ნელა ჩამოგვხსნოდა „სადამსჯელო რაზმის“ და „ქაღალდომანიის“ იარლიყი და ცოტათი უფრო გავკეთილშობილებულიყავით. მარტივად რომ ვთქვათ მოხდა რებრენდინგი, რაც დასჯის გარდა თანამშრომლებზე ზრუნვასაც გულისხმობდა. საკმაოდ დიდი მუშაობა და დრო გახდა საჭირო იმისათვის, რომ „კადრები“ დაევიწყებინა ხალხს და HR-ით ჩაენაცვლებინათ. დამერწმუნებით ალბათ, რომ „კადრებზე“ კარგად „ადამიანური რესურსები“ და "ადამიანური კაპიტალი" ჟღერს, მაგრამ მარტო ჟღერადობა არაფერს მოგვცემდა, თუ ამას საქმითაც არ დავამტკიცებდით. დღეს HR-ებს კადრებად რომ მოგვიხსენიებენ, დაახლოებით ისეთი რეაქცია გვაქვს, როგორც ბანკირს „მევახშედ“, ბიზნესმენს „სპეკულიანტად“ ან ბროკერს „მაკლერად“ მოხსენიებისას.

ეს ნაწილობრივ ხუმრობით, სერიოზულად კი HR დეპარტამენტი ორგანიზაციაში არსებობს თანამშრომლების მხარდასაჭერად და მათი კეთილდღეობისათვის. აღნიშნული დეპარტამენტი კოორდინაციას უწევს კომპანიაში ადამიანური რესურსებისა და კაპიტალის სწორად მართვას. შესაძლოა, შინაგანაწესის ან შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევაზე HR დეპარტამენტი აკეთებდეს შესაბამის ბრძანებას/ფორმას, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში თანამშრომელთან კომუნიკაციას. აღნიშნულ საკითხებზე არასწორმა კომუნიკაციამ შესაძლოა გამოიწვიოს ღირებული თანამშრომლის დაკარგვა და ორგანიზაციის რეპუტაციის შელახვა, ხოლო სწორი ფორმით კომუნიკაციამ შესაძლოა შედეგად მოიტანოს თანამშრომლის მოტივაციის მატება და წარმატება.
გარდა იმ მრავალი საკითხისა და მიმართულებისა, რომელზეც HR მუშაობს ყოველდღიურად, ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის ის, რომ თანამშრომლებმა სამსახურში კომფორტულად იგრძნონ თავი და მათ ჯანსაღი სამუშაო გარემო შეუქმნას. ბევრმა თანამშრომელმა ისიც არ იცის, თუ როდის და რაზე უნდა მიმართოს HR-ს. არიან ორგანიზაციები, სადაც HR დეპარტამენტი არ არის მეგობრული და „ღია“ თანამშრომლებისათვის - ამ შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა, რომ თანამშრომელმა სამსახურეობრივ ან პირად საკითხებთან დაკავშირებით მიმართოს აღნიშნულ დეპარტამენტს. HR დეპარტამენტი ორგანიზაციაში უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე „ღია“ სტრუქტურული ერთეული, სადაც ნებისმიერ თანამშრომელს უნდა შეეძლოს, როგორც სამსახურეობრივი, ასევე პირადი საკითხების/პრობლემების დაფიქსირება. HR უნდა იყოს ხიდი ორგანიზაციის რიგით თანამშრომლებსა და მენეჯმენტს შორის - პრობლემების და საკითხების გამტარი მათ შორის. მარტივად რომ ვთქვათ, როგორც ბოლო წლებში, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი იწონებდა თავს:
· შენი უფლებები არი იცი? – HR მოვა.
· ვინმე დაგჩაგრავს? – HR მოვა.
· ხელფასი არასწორად ჩაგერიცხა? – HR მოვა.
· სამსახურში სტაბილურად გვიანობამდე გიწევს დარჩენა? – HR მოვა.
· სასწავლო პროგრამა ან ტრენინგი გჭირდება? – HR მოვა.
· სადაზღვევო კომპანიასთან ანაზღაურების ან მომსახურების საკითხზე პრობლემა გაქვს? – HR მოვა.
· სამსახურში ხშირად გაგვიანდება ტრანსპორტის გამო? – HR მოვა.
· წინა წლის კორპორატიულ საღამოზე მენიუ ან მუსიკალური ბენდის რეპერტუარი არ მოგეწონა? – HR მოვა.
· წყლის მილი გასკდა? - ...
შესაბამისად ძალიან ბევრ შეთხვევაში სწორედ HR-ს აქვს თანამშრომლისათვის, როგორც სამსახურეობრივი, ასევე პირადი პრობლემის მოგვარების „გასაღები“. ასე რომ არ მოგერიდოთ, მოგვმართეთ და ჩვენ ყველანაირად დაგეხმარებით :).